რატომ დაიჯერა სააკაშვილმა ბრიყვულად, რომ აქ ჩვენ გვეძინა? მისი გამომშვები არავინაა – ღარიბაშვილი | 04.10.2021

ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს  სასჯელის მოხდა სრულად მოუწევს.  ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ სააკაშვილის გადაადგილების შესახებ სახელმწიფოს სრული ინფორმაცია ჰქონდა და მის დასაკავებლად საჭირო მომენტს ელოდებოდნენ.  მთავრობის მეთაურის თქმით, იგეგმებოდა ძალიან მძიმე პროვოკაცია და ხელისუფლებას ეს ინფორმაცია სააკაშვილის გარემოცვიდან ჰქონდა.

პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში დღეს ადვოკატები პირველად შეხვდნენ და საზოგადოებას ექსპრეზიდენტის ახალი გზავნილი  გააცნეს. მიხეილ სააკაშვილი  მხარდამჭერებს მიმართავს.  დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა შესაძლოა, უკრაინაში ექსტრადირებაზე უარი თქვას.

მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია “იმედის” დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის,  პატარკაციშვილების ქონების დაუფლების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტებზე. უფლებადამცველებს აქვთ მოლოდინი, რომ სააკაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ, რაც საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს. ექსპრეზიდენტი ამ დრომდე შიმშილობას აცხადებს.

დღეს მიხეილ საააკაშვილს საპატიმროში მისი თანაგუნდელი, ხატია დეკანოიძე შეხვდა. ოპოზიცია პოლიტიკურ რეპრესიებზე საუბრობს. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ზიზღით სავსე განცხადებები აჩვენს, როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობთ დღეს.

“ქართული ოცნება” კი ირწმუნება, რომ სააკაშვილი საპატიმროში დამსახურებულად ზის. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ სააკაშვილის ექსტრადაციაზე საუბარი ვერ იქნება.

ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკის გარდა, უკვე ცნობილია სალომე ზურაბიშვილის ხისტი პოზიცია, რომ სააკაშვილს არ შეიწყალებს. საქართველოს პრეზიდენტისგან განსხვავებით, ექსპრეზიდენტის  დასაბრუნებლად იმუშავებს უკრაინული მხარე. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით,  უკრაინა მიმართავს ქართულ მხარეს,  გარკვევით განმარტოს ყველა გარემოება და მიზეზი უკრაინის მოქალაქის დაკავების გამო. საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი მოუწოდებს.  გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ღრმად შეშფოთებულები არიან ყოფილი პრო-დასავლელი პრეზიდენტის და ქვეყნის უდიდესი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო. მათივე განცხადებით, სააკაშვილს სრული უფლება ჰქონდა, სამშობლოში დაბრუნებულიყო.

მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნებას 3 ოქტომბერს აპირებდა, თუმცა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ქართულ ოცნებას მოულოდნელი სიურპრიზი მოუწყო და სოციალურ ქსელის მეშვეობით მხარდამჭერებს საქართველოდან მიესალმა. მალევე, ექსპრეზიდენტმა რამდენიმე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ის ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში იმყოფებოდა. “ქართული ოცნების” ლიდერები მთელი დღის განმავლობაში იმეორებდნენ, რომ ძებნილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი გადმოუკვეთილი არ ჰქონდა. დღის ბოლოს კი მმართველი პარტიის ლიდერებს  უხერხული რეალობა დაუდგათ.  პრემიერმა ღარიბაშვილმა  საზოგადოებას აცნობა, რომ სააკაშვილი, თბილისში  დაკავეეს.