არჩევნების მონიტორნგის სადამკვირვებლო ორგანიზაციათა ქსელი 2 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვების პირველად შედეგებს აქვეყნებს. მათი შეფასებით, წლევანდელი პოლიტიკური გარემო დაძაბული და პოლარიზებული იყო, თუმცა კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესმა გამჭვირვალედ ჩაიარა. მისიის წარმომადგენლის განცხადებით, წელს მმართველი პარტიის კამპანიაში მონაწილეობა თანამდებობის პირებმა მიიღეს, რამაც ბუნდოვანი გახადა ხაზი სახელმწიფოსა და პარტიას შორის და ქვეყანაში უთანასწორო პირობები შექმნა. ორგანიაციის სადამკვირვებლო პროცესმა მოიცვა მედიის მუშაობაც, რომელიც ასევე პოლარიზებულად შეფასდა.
„დომინირებდა საერთო ეროვნული პოლიტიკური თემები, რაც ზიანს აყენებდა ადგილობრივი პრობლემების, მოქალაქეებისა და მათი თემის საჭიროებების შესახებ დისკუსიასა და წინადადების წამოჭრას. აღნიშნული გამოიკვეთა იმ მხრივაც, რომ ეროვნული დონის პოლიტიკოსები გადაჭარბებულად იყვნენ წარმოდგენილები ადგილობრივ დონეზე, სადაც საკრებულოსა და მერობის ადგილობრივ კანდიდატებს ჩრდილავდნენ პარტიის ლიდერები. კამპანიის განმავლობაში მოხდა რამდენიმე ინციდენტი, მათ შორის, ძალადობრივი ხასიათის არსებითი ინციდენტები და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ზოგიერთი ინციდენტი სერიოზულ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა“, – განაცხადა ანალიტიკოსმა.
ENEMO ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელია, რომელსაც საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 26 დამკვირვებელი თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავსა და ახალციხეში ჰყავდა.