მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს. მამა – შვილი ზურაბ და შალვა წოწორიები. ისინი ფოთის პორტის ტერმინალის რიგითი თანამშრომლები არიან.
დღესვე, ცნობილი გახდა, რომ ელგუჯა ცომაიას, რომლის ბინაშიც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ცომაიას გამოძიება მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავება. ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ წაყენებული ბრალდება უსამართლოა. პროკურორის განმარტებით კი შესაძლოა დაკავებულს ბრალდება დაუმძიმდეს,რაც მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, ელგუჯა ცომაიამ იცოდა, რომ უკრაინის მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა, მიუხედავად ამისა 30 სექტემბერს მას დასამალად და დროებით საცხოვრებლად გადასცა თავის მფლობელობაში არსებული, თბილისში მდებარე ბინა.