„ჩემი თავისუფლება და რაც ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს თავისუფლება, მთლიანად დამოკიდებულია უახლოეს დღეებში თქვენს აქტივობასა და ბრძოლისუნარიანობაზე“ – საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციური დაწესებულებიდან წერილს ავრცელებს.
რუსთავის ციხეში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტი შიმშილობას აცხადებს – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, გუშინ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ისაუბრა. მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს და თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.
დღეს დილიდან მმართველი პარტიის ლიდერები მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურებიან. „ერთი ადამიანი უკრაინა-საქართველოს ძმურ მეგობრობას ვერ გაამწვავებს“ – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ექსპრეზიდენტის დაკავებას. მისი თქმით, კონსტიტუციის დარღვევა იყო, როდესაც სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოს არჩევნებში ერეოდა. მმართველი პარტიის ლიდერები სააკაშვილის დანაშაულებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ხელისუფლების გუშინდელ მესიჯბოქსს მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა, სპეცოპერაცია წარმატებით ჩატარებულიყო.
ექსპრეზიდენტის დაკავებას გამოხმაურება ოპოზიციაშიც მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ გუშინ ქართველმა ხალხმა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი სპექტაკლი და უუნარობა იხილა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ. მათი თქმით, სააკაშვილმა სისტემას ფარდა ჩამოხადა და კარგად გამოაჩინა მმართველი ძალის უუნარობა.
მმართველ პარტიაში გუშინ დილიდან დაბნეულობა და ქაოსი იყო. “ქართული ოცნების” ლიდერები სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით განცხადებებს ერთი-მეორის მიყოლებით აკეთებდნენ. მესიჯბოქსიც ერთი ჰქონდათ. “ქართული ოცნების” წევრები ყველას არწმუნებდნენ, რომ სააკაშვილს უკრაინის საზღვარი საერთოდ არ დაუტოვებია და ის კურორტ ტრუსკავეცში, სასტუმრო „რიქსოსში“ იმყოფებოდა. დღის ბოლოს კი პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებიდან გაირკვა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელს სახლში დააკავეს.