სააკაშვილი დასაცინი იქნება – „ოცნება“ სააკაშვილის დაჭერაზე საუბრობს | 30.09.2021

პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში ისევ დაჭერით ემუქრება. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ გისოსებს მიღმა აღმოჩნდება ისიც ვინც კანონის აღსრულებას ხელს შეუშლის. მთავრობის მეთაური ირწმუნება რომ საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებას არ აპირებენ, რადგან მისი თქმით სააკაშვილის დასაკავებლად 10 გამოცდილი პოლიციელიც საკმარისი იქნება.

მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლას დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩიც გამოეხმაურა. კელი დეგნანი თვლის, რომ საქართველოს მშვიდი გარემო სჭირდება და არა პოლიტიკური არასტაბილურობა.

პოლიტიკოსებს და განსაკუთრებით “ქართულ ოცნებას” მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ალბათობა ძალიან მაღალია, ამიტომ ის ურჩევს მმართველ გუნდს და ოპოზიციას თავი შეიკავონ ძალადობის წახალისებისგან.

ოპოზიციური პარტიების ნაწილი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლა ისედაც პოლარიზებულ გარემოს კიდევ უფრო გააღრმავებს და “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” ამომრჩევლებს შორის დაპირისპირებას გამოიწვევს. ნაწილი კი მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას ელოდება და თვლის, რომ ხელისუფლებამ მას უსაფრთხო დერეფანიც უნდა შეუქმნას. თავად სააკაშვილის თანაგუნდელები  კი ირწმუნებიან, რომ ყოფილი პრეზიდენტის გეგმები მშვიდობიანია. თუმცა ამავდროულად ამბობენ, რომ  სააკაშვილის დაბრუნების მიზანი არჩევნების შედეგების დაცვა და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა.

“ქართულ ოცნებაში” კი ისევ არ სჯერათ, რომ მიხეილ სააკაშვილი დანაპირებს შეასრულებს და ქვეყანაში ჩამოვა. მმართველი გუნდის ლიდერები დარწმუნებულნი არიან, რომ 3 ოქტომბერს ყოფილი პრეზიდენტი დასაცინი იქნება.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება 2 ოქტომბრისთვის დაანონსა. მან კიევი-თბილისის რეისზე ბილეთიც შეიძინა. ყოფილი პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ზუსტად 23 საათსა და 5 წუთზე უნდა ჩამოფრინდეს.