ნიკა მეილია არ გამორიცხავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს | 29.09.2021

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. ნიკა მელიას  ინფორმაციით, პროკურატურა სააკაშვილის წინააღმდეგ ახალ ბრალს ამზადებს, ვინაიდან ვარაუდობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის ერთი ხელმოწერით სააკაშვილს შესაძლოა უკვე წარდგენილი ბრალდებები მოეხსნას. მელია მიიჩნევს, რომ “ქართულ ოცნებას” მის მიერ არჩეული პრეზიდენტის მიმართ ნდობა აღარ აქვს.

პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოლოდინი არ აქვთ “ქართულ ოცნებაში”. მმართველ გუნდში არც სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნების სჯერათ და ფიქრობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მორიგი დაპირება მხოლოდ ამომრჩევლის მობილიზებას ემსახურება. “ოცნების” ლიდერები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშილის წინააღმდეგ ახალი ბრალის მზადების საჭიროება არ არის, ვინაიდან ყოფილი პრეზიდენტის მიმართ სასამართლოს განაჩენი ორ საქმეზე ჯერ კიდევ არ გამოუტანია.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება 2 ოქტომბრისთვის დაანონსა. მან კიევი-თბილისის რეისზე ბილეთიც შეიძინა. ყოფილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ოპოზიციის ნაწილი  არასწორს უწოდებს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა კარგია, ვინაიდან “ქართული ოცნება” ამომრჩეველს სააკაშვილის დაბრუნებით ვეღარ შეაშინებს.

როგორ დასრულდება 9 წლიანი დევნილობა ციხით თუ შეწყალებით ეს ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა როგორც ჩანს თავად სააკაშვილის თანაგუნდელებს პრეზიდენტის შეწყალების იმედი აქვთ. როგორი იქნება სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება  – ამ საკითხს საქართველოს პრეზიდენტი არ გამოხმაურებია.