ასეთი მოსმენები მიუღებელია და ბრიუსელი ამას უპასუხოდ არ დატოვებს – კალიურანდი | 29.09.2021

ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის და ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდის განცხადებით, საქართველოს დემოკრატიული იმიჯის გასამყარებლად ყველა წამყვანმა პოლიტიკურმა ძალამ არჩევნებამდე უნდა დადოს პირობა, რომ ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებს აღიარებენ. როგორც კალიურანდი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, ეს ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევის გარანტია იქნება.

ევროპარლამენტარის განცხადებაზე შეფასებები გაკეთდა როგორც მმართველ პარტიაში, ასევე ოპოზიციურ სპექტრში. „ქართული ოცნებისთვის“ ევროპარლამენტარის განცხადება ბუნებრივია და ამბობენ, რომ ქვეყნის პოლარიზებას და არეულობის შემოტანას მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები ცდილობენ. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი საერთაშორისო ჩართულობის მნიშვნელობასა და სტაბილური გარემოს აუცილებლობაზე მიუთითებენ  და მმართველ პარტიას მოუწოდებენ, იგრძნოს პასუხისმგებლობა ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე და ქვეყანაში მაქსიმალურად მშვიდი გარემოს შექმნა უზრუნველყოს.

2 ოქტომბრის არჩევნები რომ დიდ მნიშვნელობას ატარებს, ამას ისიც მოწმობს, რომ წელს საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლების დიდი რაოდენობა ჩამოვა, მათ შორისაა პოლონელი ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა. პოლიტიკოსმა ამის შესახებ სოციალურ ქსელ  Twitter-ზე დაწერა. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქართველოში არსებული დაძაბულობის მიუხედავად, აუცილებელია, არჩვენები მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდეს.