მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან სკანდალური ფაილები გავრცელდა, გრიგოლ ლილუაშვილი მედიასთან პირველად გამოჩნდა, თუმცა ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან კომენტარზე დადგომა საჭიროდ არ ჩათვალა. თქვა, რომ გადადგომას არ აპირებს, რადგან ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ივლის. ლილუაშვილი ფიქრობს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ გარკვებული ჯგუფების მხრიდან ბრძოლა მიმდინარეობს. სუს-ის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება გამჭვირვალე იქნება.
პრემიერის რიტორიკა კი უცვლელია. ღარიბაშვილი ისევ იმეორებს, რომ ჩანაწერები ფაბრიკაცია და სახელმწიფოსა და ეკლესიაზე შეტევა მიმდინარეობს. ამავე დროს ქვეყნის პირველი პირი ამბობს, რომ მოსმენებს ყველა სახელმწიფო აწარმოებს, მათ შორის საქართველოც, ოღონდ კანონიერად.
გამოძიების პარალელურად, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, შესაძლოა მმართველმა პარტიამ საპარლამენტო ბერკეტი გამოიყენოს. პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ სანამ სუს-იდან გაჟონილი მასალების ავთენტურობა არ დადასტურდება, გრიგოლ ლილუაშვილი არ უნდა გადადგეს.
ჩანაწერებთან დაკავშირებით გამჭვირვალე გამოძიების იმედი არ აქვს ოპოზიციას. სწორედ ამიტომ მმართველი გუნდის ოპონენტები, მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობენ.
სკანდალური მასალები, რომლის ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა. დოკუმენტებში აღწერილია კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. ირკვევა, რომ უსმენენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ფაილებში გვხვდება საჯარო პირების პირადი საუბრებიც. ახლა მთავარი საკითხია, რას იტყვის ირაკლი შოთაძის უწყება გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე და დადგება თუ არა უკანონო მოსმენების გამო ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი.