“ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეები ერთმანეთს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან დაუპირისპირდნენ. კარლ ჰარცელთან შესახვედრად მისულმა ირაკლი კობახიძემ და ნიკა მელიამ ერთმანეთს ჯერ შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართეს, შემდეგ კი სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მელიამ კობახიძეს უსინდისო და ივანიშვილის მონა უწოდა. “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ კი პოლიტიკური ოპონენტი პროვოკატორად მოიხსენია.
თვითმმართველობის არჩევნებამდე 9 დღით ადრე ევროკავშირის ელჩი დილიდან პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ხვდებოდა. დიპლომატიური სკანდალის შემდეგ კარლ ჰარცელს დღეს პირველად შეხვდა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, რომელიც ბოლო პერიოდში დიპლომატების მიმართ კრიტიკული შეფასებებით გამოირჩევა, მათ შორის ბოლო ასეთი განცხადება ირაკლი კობახიძემ გუშინ გააკეთა და კარლ ჰარცელს დიპლომატიურ სტანდარტებს აცდენილი უწოდა. დღეს შეხვედრიდან გამოსულმა “ოცნების” ლიდერმა აუდიენციის დეტალებზე საუბარი არ ისურვა და მხოლოდ ის თქვა, რომ კარლ ჰარცელთან წინასაარჩევნო გარემო განიხილეს.
ძალადობრივი წინასაარჩევნო კამპანია და ფარული მოსმენები – სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება ოპოზიციამ ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე. პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა კარლ ჰარცელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, მათ შორის დმანისსა და რუსთავში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე და სუსიდან გამოტანილ ფარულ ჩანაწერებზე. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის იმიჯს და რეპუტაციას საფრთხეს უქმნის. ოპოზიციის შეფასებით ასეთ ძალადობრივ პირობებში არჩევნების ჩატარებას საერთაშორისო პარტნიორები არ შეეგუებიან, ვინაიდან მსგავსი ფაქტები მხოლოდ ავტოკრატიულ რეჟიმებში ხდება.
რა პოზიცია აქვს ევროკავშირის ელჩს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით უცნობია. კარლ ჰარცელს პოლიტიკურ პარტიებთან გამართული შეხვედრების შესახებ განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.