აჭარაში სტიქიას ებრძვიან. ძლიერმა წვიმამ ბათუმში პრობლემები შექმნა. დატბორილია ქუჩები, სახლები, ეზოები და სავაჭრო ობიექტები. უხვმა ნალექმა განსაკუთრებით ე.წ ჭაობის დასახლება დააზარალა. წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა. ადგილობრივი მოსახლეობა დახმატებას ითხოვს. მათი თქმით, ბათუმში სანიაღვრე არხები მოუწესრიგებელია და ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქში პრობლემები იქმნება.
უხვი ნალექის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიტბორა მახვილაურში. ადიდებულმა მდინარემ მიმდებარე ტერიტორია და ეზოები წყლით სრულად დაფარა. სტიქიის შედეგად შინაური ფრინველებიც დაიხოცა. მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.
როგორც ბათუმის მერის მოადგილე, ლელა სურმანიძე ამბობს, უკვე მიმდინარეობს მიყენებული ზარალის დათვლა და ყველა დაზარალებულ ოჯახს დახმარებას გაუწევენ. მისი ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ცხელ ხაზზე სულ 250 ზარი შევიდა და ყველა მუნიციპალური სამსახური მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა.
ძლიერი წვიმის შედეგად პრობლემები შეიქმნა ქობულეთსა და დაბა ურეკშიც. დაზიანებულია ცენტრალური გზები და საცხოვრებელი სახლები. ქობულეთის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესებიც განვითარდა.