სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილების საქმეზე თბილისის პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. ამჯერად საგამოძიებო უწყება “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით დაინტერესდა. გვარამია დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ამ საქმის გამოძიება არ მოხდება.
ე.წ. ფარული ჩანაწერების ავთენტურობა მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაადასტურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თინა ბოკუჩავამ. ამბობს, რომ თავს დაზარალებულად მიიჩნევს, თუმცა იმის იმედი, რომ გამოძიება დამკვეთებს გამოავლენს, არ აქვს.
იმსჯელებს თუ არა პარლამენტი სკანდალურ ფაილებთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომაზე-საკითხი ამ ეტაპზე ბუნდოვანია. ინიციატივა ფრაქცია “ლელოს” ეკუთვნის, თუმცა ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ფიქრობს, რომ 2 ოქტომბრამდე მათი პარტიის არცერთ დეპუტატს ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის პოზიცია მიუღებელია მათი კოლეგების დიდი ნაწილისთვის.
რიგგარეშე სხდომის მომწვევის საკითხი ის იშვიათი გამონაკლისი აღმოჩნდა, როცა “ნაციონალური მოძრაობა” და მმართველი პარტია ერთ აზრზეა. პარლამენტის თავმჯდომარე მომხრეა, რომ ფარული მასალების გავრცელების საკითხზე რიგგარეშე სხდომა ჩატარდეს, თუმცა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. კახა კუჭავა არ გამორიცხავს, რომ ფარული მოსმენების საქმეზე საჭირო იყოს საგამოძიებო კომისიის შექმნაც.
კახა კალაძე კი, რომელიც ფიქრობს, რომ კანონის ფარგლებში მოსმენები შესაძლებელია – რიგგარეშე სხდომის საჭიროებას გამოძიების დასრულებამდე ვერ ხედავს. თბილისის მერმა დღეს ოპოზიციის ბრალდებსაც უპასუხა, რომლის მიხედვითაც, ფარული ჩანაწერების უკან შესაძლოა სწორედ კალაძე იდგეს.
მასალები, რომლის მთავარი ფიგურანტები მაღალი იერარქიის სასულიერო პირები არიან, ინტერნეტ სივრცეში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. დოკუმენტებში აღწერილია კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. ირკვევა, რომ უსმენენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ფაილებში გვხვდება საჯარო პირების პირადი საუბრებიც. სავარაუდო ფარული ჩანაწერები 2014-2021 წლებით თარიღდება. ავთენტურია თუ არა სკანდალური ფარული ფაილები, რომელსაც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს – ამაზე ახლა პასუხი საგამოძიებო უწყებამ უნდა გასცეს.