გამოკითხვების სერია – შოთაძის უწყება არკვევს რა ინფორმაცია აქვთ საჯარო პირებს სუს-ის სკანდალურ ფაილებზე | 20.09.2021

ირაკლი შოთაძის უწყება არკვევს რა ინფორმაცია აქვთ  საჯარო პირებს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. მამუკა ხაზარაძე ერთ-ერთია ვინც გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობას ადასტურებს. პარტია “ლელოს” ლიდერი ამბობს, რომ საიდუმლო ფაილების სკანდალში გარეული ქვეყნის პირველი პირი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობიდან  უნდა გადადგნენ.

პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს ელენე ხოშტარიაც. თუმცა, “დროას” ლიდერი ირაკლი შოთაძის უწყებასთან თანამშრომლობას არ აპირებს. ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რომ ფაილებთან დაკავშირებით არც პროკურატურაში და არც სასამართლოში მისვლას არ აპირებს და თავად გეგმავს დავას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

ჩანაწერების თემაზე პარლამენტში დებატების ჩანიშვნას ითხოვს ოპოზიციონერი დეპუტატი.  სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, პრემიერი და მთავრობის წარმომადგენლები უნდა მივიდნენ. რიგგარეშე სხდომის ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავს მმართველი გუნდი.

უკანონო მოსმენებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატმა ქუთაისის პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილების მიხედვით ირკვევა, რომ ხატია დეკანოიძესაც უსმენდნენ.   ჩანაწერებში ასახულია დეკანოიძისა და ელჩების საუბარი. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში გამოძიების იმედი არ აქვს, თუმცა როცა მართლმსაჯულება დამოუკიდებელი გახდება, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

უკანონო მოსმენებზე  ოპოზიცია  სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ფიქრობენ, რომ სუს-იდან გამოჟონილი ფაილების გასაჯაროების შემდეგ, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებმა თანამდებობა უნდა დატოვონ.

სკანდალურ ფაილებთან დაკავშირებით დროული და ეფექტური გამოძებისკენ მოუწოდებს პროკურატურას ყოფილი პრემიერი. გიორგი გახარია ირმწუნება, რომ გამოძიება ჩანაწერების საქმეზე მისი თანაგუნდელის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის კვალზე ვერ გავა, თუმცა “ქართული ოცნებისგან” გიორგი გახარია ყველაფერს ელოდება.

გამოძიების პარალელურად, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი სახე, კახა კალაძე  ამბობს, რომ  უნდა მოუსმინონ ყველას, ვინც მოსასმენია.

მედიაში გავრცელებულ მასალებს გამოეხმაურა პატრიარქის მოადგილე მეცნიერებათა აკადემიაში. გიორგი ანდრიაძე საპატრიარქოს და  ხელისუფლების მსგავსად მედიას აკრიტიკებს და ამბობს, რომ არასწორი გაშუქება დესტაბილიზაციას ემსახურება.

მასალები, რომლის მთავარი ფიგურანტები მაღალი იერარქიის სასულიერო პირები არიან ინტერნეტ სივრცეში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.  დოკუმენტებში აღწერილია კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება.  ირკვევა, რომ უსმენენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს და მათთან დაკავშირებულ პირებს.  ფაილებში გვხვდება საჯარო პირების პირადი საუბრებიც. სავარაუდო ფარული ჩანაწერები  2014-2021 წლებით თარიღდება.   ავთენტურია თუ არა  სკანდალური ფარული ფაილები, რომელსაც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს – ამაზე ახლა პასუხი საგამოძიებო უწყებამ უნდა გასცეს.