კოკაინშიკი, მოღალატე და ჭანჭიკი – ირაკლი კობახიძის ამ სიტყვების ადრესატი, ცოტა ხნის წინ “ქართული ოცნების” წარმატებული პრემიერი და კრიზისმენეჯერი იყო, სწორედ ასე აფასებდნენ რამდენიმე თვის წინ ოცნების ლიდერები გიორგი გახარიას.
გადამწყვეტ დროს ჯერ გუნდიდან წასვლამ, შემდეგ კი მერობის კანდიდატად და კალაძის კონკურენტად დასახელებამ როგორც ჩანს ირაკლი კობახიძე იმდენად გააბრაზა, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ექსპრემიერს უკვე ნარკოტიკების მოხმარებაშიც კი ადანაშაულებს. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი კობახიძე პირდაპირ ამბობს, რომ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი ნარკოდამოკიდებულია და კალაძის შეთავაზებას ნარკოტესტის ჩაბარებაზე ამიტომ არ დათანხმდა.
გახარიას ყოფილი თანაგუნდელები კი მიიჩნევენ, რომ გიორგი გახარიამ ნარკოტესტზე უარის თქმით კახა კალაძის უწყინარი გამოწვევა წააგო და საზოგადოებაში კითხვებიც გააჩინა. თუმცა მმართველი გუნდის ლიდერები არ პასუხობენ კითხვას, რატომ წარუდგინეს ერთი წლის წინ საზოგადოებას პრემიერად ადამიანი რომელიც მათივე ინფორმაციით ნარკოდამოკიდებული იყო.