სასულიერო პირებთან დაკავშირებული ფარული მასალების შემდეგ “ქართული ოცნება” უკანონო ჩანაწერების გავრცელების მორიგ ტალღას აანონსებს. პარტიის აღმასრულებელი მდივანი ამბობს, რომ სავარაუდო ჩანაწერები საჯარო პირებს უკავშირდება და მის ინტერნეტში ატვირთვას “ნაციონალური მოძრაობა” ქვეყნის საზღვრებს გარეთ გეგმავს. თუმცა, მამუკა მდინარაძის განცხადებიდანვე ირკვევა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ჩანაწერების შინაარსი კარგად იცის, ვინაიდან, როგორც მდინარაძე აცხადებს მასალა ძალიან ბინძური შინაარსის არის.
საქართველოს ხელისუფლება ფარულ მოსმენებზე პასუხისმგებლობას არ გრძნობს და სავარაუდოდ სუს-იდან გაჟონილი ჩანაწერების შესაძლო გავრცელებაში ოპოზიციას ადანაშაულებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სასულიერო პირებზე გავრცელებულ ინფორმაციას მორიგ ბინძურ პროვოკაციას უწოდებს და” ნაციონალურ მოძრაობას” ქვეყნის მთავარ ინსტიტუტებზე თავდასხმაში ადანაშაულებს. “ოცნებაში” ირწმუნებიან, რომ ჩანაწერები, რომლებიც მათ შორის ბოლო პერიოდში განხორციელებულ პირად კომუნიკაციებს ასახავს და რომლებსაც მოსმენების მსხვერპლებიც ადასტურებენ, წინა ხელისუფლების დროს გაკეთდა.
ოპოზიცია კი სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვს და სუს-ის დაუყოვნებლივ რეფორმირებაზე საუბრობს. მათი თქმით ქვეყანაში ტოტალური მოსმენები მიმდინარეობს, ჩანაწერებს კი “ქართული ოცნება” შანტაჟისთვის იყენებს. ოპოზიცია ობიექტურ გამოძიებას და ყველა იმ პირის დასჯას ითხოვს, ვინც ქმედების უკან დგას.
ფარული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენას და სკანდალურ მასალებზე ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. მათი თქმით, უკანონო მიყურადება და თვალთვალი წლების განმავლობაში არის პრობლემა და მსგავსი ფაქტების გამოძიება პირველ რიგში სახელმწიფოს ინტერესებში უნდა იყოს.