კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იკლებს, თუმცა მაღალი რჩება ლეტალობის ყოველდღიური სტატისტიკა | 09.09.2021

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იკლებს, თუმცა ჯერ-ჯერობით მაღალი რჩება ლეტალობის ყოველდღიური სტატისტიკა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსს კიდევ 58 ადამიანი  ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვი 8035-მდე გაიზარდა.  ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 36 151 ტესტიდან COVID-19-ის 2455 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 890 ინფიცირებული დედაქალაქში დაფიქსირდა. ჯანდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ აქტიური შემთხვევების რაოდენობის კლებასთან ერთად ჯანდაცვის სექტორის დატვირთვაც შემცირებულია. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 6000-ზე მეტი პირია მოთავსებული, ხოლო რეანიმაციულ განყოფილებაში კი 365 ადამიანი რჩება.

პაციენტების რაოდენობა მცირდება საველე ჰოსპიტალშიც. ქავთარაძის ქუჩაზე არსებულ ჰოსპიტალში ამ დროისთვის 68 კოვიდინფიცირებული გადის მკურნალობას. მედიკოსების ინფორმაციით ბოლო 24 საათის განმავლობაში ორი პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა გახდა საჭირო, ვინაიდან მათი სასიცოცხლო პარამეტრები გაუარესდა.

ეპიდვითარების მცირედით გაუმჯობესებას მიუხედავად მდგომარეობა მაინც საყურადღებო რჩება. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს, განსაკუთრებით კი 60 წელს გადაცილებულ პირებს, ვინაიდან როგორც ამბობენ შემდეგი ტალღა კრიტიკულად საშიში სწორედ ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის იქნება. უწყებაში ამბობენ, რომ დამატებით რისკებს ქმნის ახალი მიუ შტამის გავრცელებაც, რომელიც ჯერ-ჯერობიტ სპეციალისტების დაკვირვების საგანია.

ამ დროისთვის ქვეყანაში სულ 1 405 877 აცრა ჩატარდა. გუშინ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 24 000-მა ადამიანმა გაიკეთა, თუმცა როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, პირველად დოზებზე მიმართვიანობა შემცირებულია, რაც არსებულ ვითარებაში დაუშვებელია.