საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 13 სექტემბრიდან აღდგება – გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო. ყველა სხვა შეზღუდვა ძალაში რჩება. დღესვე გაირკვა, რომ სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის გარეშე ჩატარდება. საკოორდინაციო საბჭომ დღეს მოქალაქეებს კიდევ ერთი სიახლე შესთავაზა. ორშაბათიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დაიწყება. შერჩევითი პრინციპით, ლატარიის კომპანია, ყოველდღიურად ფულად ჯილდოებს ვაქცინირებული პირებისთვის გაათამაშებს. ჯამური საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარს შეადგენს, ლატარია წლის ბოლომდე, ყოველდღე გაიმართება.
ამ ეტაპზე ბუნდოვანია, როდის შეძლებენ მძიმე ეპიდემიოლიგიური ვითარების ფონზე მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნებას. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდეს. რაც შეეხება უნივერსიტეტებს, თამარ გაბუნიას თქმით, მაღალი არ არის სტუდენტების ვაქცინაციის პროცესი, რის გამოც მათ აცრის დროულად ჩატარებისკენ მოუწოდებს.
კოვიდინფიცირებულთა მაჩვენებელი ბოლო დღეების სტატისტიკით შემცირებულია, თუმცა ექიმები კვლავ აცრის მნიშვნელობაზე საუბრობენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა 12-დან 16 წლამდე ასაკის იმ მოზარდების ვაქცინაციაზე, რომელთაც რაიმე თანმხლები დაავადება აქვთ. თამარ გაბუნია ამბობს, რომ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მყარი პოზიციაა საჭირო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ორსულთა ინფიცირების გაზრდილ მაჩვენებელზე და მათი ვაქცინაციის შესახებაც საუბრობს.
50 გარდაცვლილი და 1 965 ახალი შემთხვევა – ასეთია კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა. ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი თბილისში დაფიქსირდა, მეორე ადგილზეა აჭარა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 917 პირი ემსხვერპლა.