„ევროპული საქართველო“ ტელეკომპანია “იმედს” საარჩევნო ვიდეოს გაშვებაზე უარის თქმის გამო უჩივის. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ნონიაშვილმა თქვა, მათი ვიდეო არანაირ კანონს არ ეწინააღმდეგება. ამასთანავე, “ევროპული საქართველო” მზადაა ტელეკომპანიას შესთავაზოს განსხვავებული ტონისა და შინაარსის ვიდეო, რომელიც შექმნილი იქნება “ქართული ოცნების” რიტორიკის მიხედვით.
ტელეკომპანია “იმედმა” 25 აგვისტოს გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, “ევროპული საქართველოს” წინასაარჩევნო პოლიტიკურ რეკლამას ეთერში არ გაუშვებენ, ამის მიზეზად კი სიძულვილის ენა დაასახელეს. განცხადების მიხედვით, “ევროპული საქართველო” პირველი პარტიაა, რომელსაც იმედი ეთერს არ დაუთმობს.