არის თუ არა სააკაშვილის ეს ჩამოსვლა ბოლო დაპირება და ვის ყულაბაში ჩაიყრება უფრო მეტი პოლიტიკური ქულა | 07.09.2021

რეფერენდუმად წოდებულ არჩევნებამდე 3 კვირით ადრე მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას აპირებს. სააკაშვილი ამ დრომდე არ ამბობს როდის ან რა გზით დაბრუნდება სამშობლოში, თუმცა ირწმუნება, რომ ეს სწორედ ამ არჩევნებზე მოხდება. ექსპრეზიდენტის  ვიდეომიმართვის ადრესატები უცხოეთში მყოფი ემიგრანტებიც იყვნენ. ყოფილი პრეზიდენტი მათ მოუწოდებს გამონახონ დრო და მასთან ერთად საქართველოში დაბრუდნენ.

სააკაშვილი ამბობს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები ის რეფერენდუმია, რომელიც ქვეყნის დემოკრატიის ბედს წყვეტს. ქვეყნის ყოფილი მთავარსარდალი აცხადებს რომ დაბრუნების შემდეგ რევანში არ იგეგმება, თუმცა ერთადერთი ადამიანი, რომელიც პასუხს აგებს ბიძინა ივანიშვილი იქნება. სააკაშვილის დაბრუნებას აქტიურად ელოდებიან “ნაციონალურ მოძრაობაში”. პარტიაში ფიქრობენ, რომ ექსპრეზიდენტი  ამ არჩევნებზე ის ძალა იქნება, რომელიც “ოცნების” დამარცხებაში გარდამტეხ როლს შეასრულებს.

ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც სააკაშვილის გუნდისგან  დისტანცირებას მუდმივად ცდილობს, დარწმუნებულია, რომ “ოცნება” ექსპრეზიდენტს მტრის ხატად გამოიყენებს. მიშელის დოკუმენტზე ხელის მომწერმა პარტიებმა სააკაშვილს განცახდების შინააარსი დაუწუნეს და თქვეს, რომ ეს ოპოზიციურ ფრონტს გამარჯვებაში ხელს შეუშლის.

სააკაშვილს დღეს თბილისიდან ბევრი მადლობა შეუთვალეს, თუმცა მათი ძირითადი ნაწილი  “ქართულ ოცნებას” ეკუთვნოდა. მმართველი ძალა ამბობს, რომ ამ განცხადებით ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა  მათ დიდი პოლიტიკური საჩუქარი გაუკეთა, რადგან ეს მათი მომხრეების მობილიზებაზე დადებითად აისახება. “ოცნება” ამბობს, რომ თუ სააკაშვილი ახლა მაინც გაბედავს და ჩამოვა, პოლიციას მისი დაკავება და ციხეში ჩასმა მოუწევს.