საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ამერიკელი კონგრესმენები იმყოფებიან. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრები შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ. ისინი სოფელ ოძისში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. კონგრესმენებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას შემაშფოთებელი უწოდეს და საქართელოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს. საოკუპაციო ხაზთან კონგრესმენებთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
დღესვე, ამერიკელმა კონგრესმენებმა წეროვანის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი მოინახულეს. დელეგაციის წევრებს თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა. კონგრესმენები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრნენ და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს. სარეაბილიტაციო ცენტრი ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით აშენდა.
ამერიკელი კონგრესმენები საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ. დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მასპინძლობს. 4 დღიანი ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან. ვიზიტი ამერიკა-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის მიერ არის ორგანიზებული.