მმართველი გუნდი და ოპოზიცია კონსტიტუციაში შესატან გარკვეულ ცვლილებებზე შეთანხმდა, თუმცა ერთ-ერთი საკითხი პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ისევ სადაო რჩება. საქმე ეხება გენერალური პროკურორის არჩევის წესს, რომელიც არსებული ჩანაწერის მიხედვით, პარლამენტის მინიმუმ 100-მა დეპუტატმა უნდა დაამტკიცოს. “ქართული ოცნების” აზრით, ეს საერთაშორისო სტანდარტს ეწინააღმდეგება, ამიტომ მიიჩნევენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა უნდა გაგრძელდეს.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ხვალ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე გავა, თუმცა ექნება თუ არა დოკუმენტს ოპოზიციის მხარდაჭერა – ჯერ უცნობია. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ მთავარი პროკურორის არჩევის წესზე “ოცნების” უკან დახევა, დასტურია, რომ მმართველ ძალას მართლმსაჯულების რეფორმის გატარება არ სურს.
“ქართული ოცნება” იმედს იტოვებს, რომ ხვალიდნელ სხდომაზე კანონპროექტს ყველა პარტიის მხარდაჭერა ექნება. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ახალი ნორმა, რომელიც საარჩევნო სისტემის პროპორციულზე გადასვლას და ბარიერის დაწევას გულისხმობს, მნიშვნელოვანია. “ოცნება” ირწმუნება, რომ მიუხედავად მიშელის დოკუმენტის ანულირებისა, ისინი დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ.