საქართველოს მთავრობის მისამართით ვაშინგტონში ტონი კიდევ უფრო მკაცრდება. ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტის გავლენიანი წევრი, ჯიმ რიში “ქართული ოცნების” მიერ 75000 000 ევროს დახმარებაზე უარი თქმას ეხმაურება და ამბობს, რომ ამან ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე კითხვები გააჩინა.
“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მწვავე კრიტიკა დაიმასხურა ევროპარლამენტიდანაც, სადაც “ოცნების” ამ ნაბიჯს უკვე უწოდეს დასანანი. ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილზე უარის თქმა ქვეყნის ევროატლანტიკური ორიენტაციის სანდობაას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ეს კი მხოლოდ ერთი ქვეყნის, რუსეთის ინტერესებშია.
არის თუ არა კოვიდპანდემიის პირობებში დახმარებაზე უარის თქმა ევროპისთვის კარის მიხურვის მცდელობა – ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებს ახლა მხოლოდ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერთა რიცხვის ზრდა ახარებთ. კონგრესმენები, ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დოკუმენტზე ხელმოწერას მიესალმებიან და იმედს გამოთქვამენ, რომ ეს ქვეყანაში დაძაბულობას განმუხტავს.
თითქმის 300 მილიონ ლარზე უარის თქმის შემდეგ ქვეყანაში ახალი, კიდევ უფრო რთული პერიოდი დაიწყო – ფიქრობენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ეჭვები, რომლის მიხედვითაც, “ოცნება” ევროპული კურსიდან გადახვევას ცდილობს, დღითიდღე მართლდება. ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ ასეთ ხისტ უარს ევროპა კიდევ უფრო მკაცრად უპასუხებს.
ის რაც საერთაშორისო პარტნიორების აზრით, რეფორმების გასატარებლად გამოყოფილი დახმარებაა, “ქართული ოცნებისთვის” ერთი მორიგი სესხია. მმართველი გუნდის წევრებისთვის დღეს მისაღები არც საერთაშორისო კრიტიკა აღმოჩნდა.