პრეზიდენტმა, რომელიც ბოლო დროს კრიტიკულ განცხადებებს აღარ ერიდება, გუშინ მმართველი გუნდი ღიად გააკრიტიკა. თქვა, რომ ევროკავშირის სესხზე გაცხადებული უარი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და მისთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია. “ქართული ოცნება” დღეს ირწმუნება, რომ მათ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტს არ აქვს სწორი ინფორმაცია, სჭირდება თუ არა ქვეყანას ამ ეტაპზე სესხის აღება, თუმცა მმართველი გუნდი პრეზიდენტის იმ განცხადებას იწონებს, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილმა 19 აპრილის შეთანხმებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერას უადგილო უწოდა.
პრეზიდენტის განცხადებას ადეკვატურად აფასებს ოპოზიცია, თუმცა მათი ნაწილი სალომე ზურაბიშვილის კრიტიკული განცხადებების მიღმა პირად ინტერესებს ხედავს. ხელისუფლების ოპონენეტები ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” დაშვებული შეცდომებით ძირს უთხის ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. პოლიტიკოსების შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი ახლა ცდილობს დისტანცირდეს “ქართული ოცნებისგან” და შეინარჩუნოს პროდასავლური იმიჯი.
საგანგებო ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა მმართველი ძალა მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმით შესაძლოა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი დაზიანდეს, რაც მხოლოდ მტრულად განწყოფილი სახელმწიფოს ინტერესებშია. პრეზიდენტისთვის “ქართული ოცნების” არგუმენტი, თითქოს მაკროფინანსური დახმარება ეკონომიკური ზრდის გამო არ აიღეს არადამაჯერებელია. ზურაბიშვილისთვის პარადოქსია ის ფაქტიც, რომ ხელისუფლება ევროპულ დახმარებაზე უარს ამბობს, თუმცა ამავდროულად ევროპული სესხებით დაფინანსებული რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირებს.