COVID-19-ით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი საქართველოში | 02.09.2021

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით კიდევ 81 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსს ჯამში უკვე 7563 პაციენტი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის არის 35 წლის ქალი, რომელიც დელტა შტამით იყო ინფიცირებული. პაციენტი თბილისში რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული. კორონავირუსს ემსხვერპლა 20 წლის გოგოც. პაციემტს სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა და მისი მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა.

გარდაცვალების საგანგაშო სტატისტიკისგან განსხვავებით ქვეყანაში მცირედით იკლო ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო 24 საათში ჩატარებული 40 435 ტესტიდან კორონავირუსი 3 212 ადამიანს დაუდასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 7,94%-მდე შემცირდა. ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 1206 ინფიცირებული თბილისში გამოვლინდა. მეორე ადგილზე 453 შემთხვევით იმერეთია, ხოლო მესამეზე აჭარა, სადაც კოვიდინფექცია 295 ადამიანს დაუდასტურდა.

დღეიდან თბილისში ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები დამატებით კიდევ 6 ლოკაციაზე განთავსდა. ვარკეთილის, გლდანის და სადგურის მოედნის გარდა, მოქალაქეები აცრას საბურთალოზე, სამგორში, ავჭალასა და მუხიანშიც შეძლებენ. თბილისის გარდა ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები მოეწყო რუსთავშიც. აცრის მსუველებს ვაქცინის გაკეთება ყოველ დღე დილის 10:00 საათიდან 20:00 საათამდე შეუძლიათ. სამგზავრო ავტობუსებში მოწყობილ ვაქცინაციის პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ და აცრის ჩატარებას სასურველი ვაქცინით შეძლებენ.

საქართველოში ამ დროისთვის სულ 1 235 286 აცრა ჩატარდა. აქედან სრულად ვაქცინირებულია 421 785 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 14,8%-ია.