136 დღიანი ფიქრის შემდეგ შარლ მიშელის დოკუმემენტზე ხელმომწერთა რიცხვი გაიზარდა – მკაფიო და ხისტი წინააღმდეგობის მიუხედავად ყველაზე მსხილი ოპოზიციური პარტია 19 აპრილის შეთანხმებას უერთდება და მმართველ ძალას რეფერენდუმის პირობას ახსენებს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, რომლებიც ევროკავშირის ოფისში დღეს ერთი-მეორის მიყოლებით მიდიოდნენ, ამბობენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ევროპულ გზას უკვე ღიად გადაუხვია, ამ ნაბიჯით კი მათ ამის საშუალებას არ მისცემენ.
“ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას შეურთდეს მიშელის დოკუმენტს, პოლიტიკურ მანიპულაციად შეაფასა მმართველმა ძალამ. უმრავლესობი წევრები ამბობენ, რომ “ოცნების” გუნდი მიშელის დოკუმენტს აღარ დაუბრუნდება, რადგან ის უკვე აღარ არსებობს. მათივე თქმით, თუ ოპოზიციას დემოკრატიული რეფორმების გატარება სურდა, დოკუმენტზე ხელი ბევრად უფრო ადრე უნდა მოეწერა.
“შეცდომა, რომელიც ადრე თუ გვიან მაინც აღიარეს” – ასე აფასებენ მიშელის დოკუმენტზე ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ხელმოწერას ის პოლიტიკური ძალები, რომლებმაც ეს ნაბიჯი ბევრად უფრო ადრე გადადგეს. ამბობენ, რომ პროდასავლური პარტიების ერთობა “ქართულ ოცნებას” აიძულებს საკუთარი სიტყვები უკან წაიღოს და დოკუმენტის პირობებს დაუბრუნდეს.
მიშელის დოკუმენტზე “ნაციონალური მოძრაობის” შეერთებას მიესალმება ამერიკის ელჩი საქართველოში – კელი დეგნანი ფიქრობს, რომ ეს ხელმოწერა ქვეყანაში სისტემური რეფორმების გატარებას უზრუნველყოფს, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე დადებიოთად აისახება.
მიშელის დოკუმენტის მიხედვით, თუ 2 ოქტომბრის არჩევნებზე “ქართული ოცნება” 43%-ზე ნაკლებს აიღებს, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს. ოპოზიციის აზრით, ესაა ის მთავარი პირობა, რის გამოც ივანისვილის გუნდი სიტუაციის არევას ცდილობს.