მთავრობის მეთაური ამტკიცებს, რომ ევროკავშირის მხრიდან 75 000 000 ევროს ოდენობით ფინანსური ტრანში არა დახმარება, არამედ სესხი იყო, რომელიც საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში აღარ სჭირდება. პრემიერი ევროპარლამენტარების განცხადებებს ზედაპირულს უწოდებს და მათ ვითარებაში გარკვევას ურჩევს.
“ქართულმა ოპცნებამ” ევროკავშირის მხრიდან 75 000 000 ევროს დახმარებაზე უარი გუშინ თქვა. მიზეზად კი, საგარეო ვალის მოცულობის შემცირება დაასახელა. მაკროფინანსური დახმარება საქართველოს ევროკავშირისგან 30 სექტემბრამდე უნდა მიეღო, თუმცა, როგორც ევროკავშირის განცხადებიდან ირკვევა საქართველომ ვერ შეძლო იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც დახმარების მიღების პირობა იყო. მათ შორის, საქართველომ ვერ უზრუნველყო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის გაზრდა. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს არ უარყოფს, რომ მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში სწორედ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებაზე იყო მიბმული, თუმცა პრემიერი ირწმუნება რომ სასამართლოში ძირეული რეფორმები განახორციელეს და არსებული სისტემა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სასამართლო სისტემებსაც კი უსწრებს.
“მაცდური კარიერული პერსპექტივა” – ასე აფასებს პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. ევროპელი დეპუტატი twitterr-ზე წერს, რომ საქართველოს მთავრობა ვერ იტყვის უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ ჰქონია. ვიოლა კრამონი ამბობს, რომ საქართველო ფინანსური დახმარებას ისედაც ვერ მიიღებდა, ვინაიდან მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტყრანშის მიღების პირობები.
“სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები: სასამართლო სისტემა და ა.შ. თქვენ ვერ იტყვით უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ გქონდათ. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ,“ – წერს ვიოლა ფონ კრამონი.
ოპოზიცია კი ქვეყნის დასავლური კურსის ცვლილების საფრთხეზე საუბრობს და აცხადებს, რომ მაკროფინანსურ დახმარებაზე უარით მთავრობამ უარი თქვა როგორც დემოკრატიულ რეფორმებზე ისე ქვეყნის ევროკავშირში წევრობაზე. ხელისუფლების ოპონენტები “ქართულ ოცნებას” საზოგადოების მოტყუებაში ადანაშარულებენ და ამბობენ, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მმართველი გუნდი ევროკავშირიისგან დახმარების შეჩერებას ისედაც ელოდა და თავადვე თქვა უარი.
მმართველ გუნდში კი ირწმუნებიან, რომ საქართველო დასავლური კურსის ერთგული რჩება და ქვეყანაში რეფორმები წარმატებით ხორციელდება. “ქართული ოცნების” ლიდერები ამბობენ, რომ ევროკავშირის დახმარებაზე უარი თქვეს, რადგან საქართველოს დამატებითი ვალი არ სჭირდება.
არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ კარგად გაიზრონ ევროკავშირის განცხადებები და განახორციელონ ის რეფორმები, რომლებიც ქვეყანას სჭირდება. მესამე სექტორიც დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის ფინანსური დახმარების მიცემას ისედაც არ აპირებდა, ამიტომ სანქციის დაწესებას “ქართულმა ოცნებამ” უარი ამჯობინა.
მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ “ქართული ოცნების” ლიდერებს პერსონალური სანქციები დაუწესდეთ და ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილება შეეზღუდოთ. მათი თქმით, ევროკავშირს ფინანსური დახმარების შეწყვეტის ბერკეტი აღარ აქვს, თუმცა სანქცირებისთვის სხვა მექანიზმების გამოყენება შეუძლია.