საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს იმ 75 000 000 ევროზე, რომელიც ევროპას საქართველოში რეფორმების გატარებისთვის უნდა გამოეყო. “ქართული ოცნების” ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარემ გუშინ გაახმოვანა, დღეს კი დახმარებაზე უარის თქმა უკვე ქვეყნის პრემიერმაც დაადასტურა. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქვეყანამ საგარეო ვალის შემცირება დაიწყო, რის გამოც დამატებითი თანხების მობილიზების საჭიროება უკვე აღარ არსებობს.
რატომ ამბობს უარს საქართველო იმ თანხაზე, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში სისტემური რეფორმები უნდა განემტკიცებინა – ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ გასჭირვებია ოპოზიციას. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ევროკავშირმა ღარიბაშვილის მთავრობას დახმარებაზე უარი უთხრა, რის შემდეგაც “ოცნების” გუნდმა ახალი პოლიტიკური თამაში დაიწყო.
ქვეყანა, რომ ევროპული დახმარების გარეშე დარჩენის საფრთხის ქვეშ იდგა, ეს ცოტა ხნის წინ ღარიბაშვილს შარლ მიშელმაც შეახსენა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კიევში ყოფნინას მკაფიოდ მიანიშნა, რომ თუ ქვეყანას დახმარების მეორე ნაწილის მიღება სურდა, მაშინ მმართველ ძალას მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეესრულებინა. მიშელის განსაკუთრებული იმედგაცრუება კი მისივე სახელობის დოკუმენტის ანულირებამ გამოიწვია.
ევროპის გულუხვ დახმარებაზე უარის თქმას მმართველი გუნდი დღეს ერთი და იმავე მიზეზით ხსნიდა. უმრავლესობის წევრები ამტიცებენ, რომ ევროკავშირის გრძელვადიანი სესხის გამოყოფა 19 აპრილის დოკუმენტის გაუქმებასთან კავშირში არაა.