დასეტყვილი სოფლები და თითქმის სრულად განადგურებული ვენახები – კახეთის რეგიონი მიყენებული ზარალის თვლას ჯერ კიდევ განაგრძობს. მთავრობა იმ გლეხებს, რომლებიც შემოსავლის გარეშე დარჩნენ, დახმარების პაკეტს სთავაზობს. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ დასეტყვილ თეთრ ყურძენში მთავრობა 80 თეთრს გადაიხდის, საფერავში კი ერთ ლარს. მთავრობის მეთაური მოსახლეობას დღეს ვენახების და ხეხილის ბაღების აღდგენასაც დაპირდა.
ყურძნის ჩაბარების პროცესი კახეთში უკვე დაიწყო. ბოლო ინფორმაციით, გლეხემა უკვე 1200 ტონაზე მეტი ყურძენი ჩააბარეს, ეს რიცხვი კი უახლოეს დღეებში კიდევ უფრო გაიზრდება. გლეხების მხარდაჭერის მზაობას გამოთქვამს სოფლის მეურნეობის მინისტრიც, რომელიც ამბობს, რომ რთველი 2021-ს არანაირი პრობლემა არ შეექმნება.