ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობას აფრთხილებს. ირაკლი ღარიბაშვილთან კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელმა twitterr-ზე დაწერა, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა საქართველოს მთავრობამ შეთანხმებების მიმართ ერთგულება გამოავლინოს. ამ განცხადებით შარლ მიშელმა “ქართულ ოცნებას” 19 აპრილის შეთანხმების შესრულებაზე მიანიშნა. არადა, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ საქართველო 19 აპრილის შეთანხმებით გაწერილი რეფორმების დღის წესრიგის ერთგული რჩება.
“საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშილთან ხაზი გავუსვი, რომ რეფორმები ისეთი საჭიროა, როგორც არასდროს. მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ გამოავლინოს ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმების დღის წესრიგთან დაკავშირებით,“- წერს მიშელი twitterr-ზე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა გუშინ კიევში, ყირიმის პლატფორმის სამიტის ფარგლებში გაიმართა. არაფორმალური შეხვედრის დეტალები უცნობია, თუმცა, როგორც შარლ მიშელის განცხადებიდან იკითხება, საუბარი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და 19 აპრილის შეთანხმების შესრულებასაც შეეხო. შეგახსენებთ, რომ 28 ივლისს “ქართულმა ოცნებამ” მიშელის შეთანხმება დატოვა და ანულირებულად გამოაცხადა. შედეგად, თუ მმართველი პარტია 43%-იან საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა აღარ მოუწებს.