საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ხვალიდან კვების ობიექტები 22:00 საათამდე იმუშავებენ. პარალელურად გაგრძელდება რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლიც. ისევ აკრძალული რჩება გასართობი და კულტურული ღონისძიებების გამართვა.
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ისევ რთული რჩება. ბოლო 24 საათში კორონავირუსს კიდევ 60 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 6 891 გახდა. ბოლო ერთ ვირუსით ინფიცირების 5 924 შემთხვევა გამოვლინდა, რითიც ინფიცირებულთა რაოდენობა 523 022-მდე გაიზარდა. მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო კლინიკებში ადგილები აღარ არის. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 8 022 საწოლიდან 7 410 დაკავებულია. ამიტომ, შედარებით მსუბუქი პაციენტების გადანაწილება საველე ჰოსპიტლებში ხდება. დიღმის საველე ჰოსპიტალში უკვე 91 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, ქავთავარაძის საველე ჰოსპიტალში კი ამ დროისთვის უკვე 47 პაციენტია მოთავსებული. ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში სამგორში მოწყობილ საველე ჰოსპიტალსაც გამოიყენებენ.
ჯანდაცვის სამინისტრო და ეპიდემიოლოგები მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, ტრანსპორტის შეზღუდვა სწორი გადაწყვეტილება იყო, ვინაიდან ქვეყანაში მობილობის შემცირებამ ინფიცირებულთა რაოდენობა მცირედით დაასტაბილურა.
24 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჩატარებული აცრის რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის 1 დოზით ვაქცინირებულია 703 945 ადამიანი, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 306 151 პირი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 10.7%-ია.