უმძიმესი ეპიდვითრება ქვეყანაში – რას ითხოვს კლინიკების ასოციაცია მთავრობისგან | 23.08.2021

2354 ახალი შემთხვევა და 60 გარდაცვლილი – ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ისევ მძიმეა. ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლები აღარ არის, ამიტომ კოვიდ დადასტურებული პაციენტები საველე ჰოსპიტლებში გადაჰყავთ. ამ დროისთვის დიღმის საველე ჰოსოიტალში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 87-მდე გაიზარდა. პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის, მათი ნაწილი ჟანგბადდამოკიდებულია. დღეს დედაქალაქში კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი მოეწყო. ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საველე ჰოსპიტალში გუშინ 20 პაციენტი მოათავსეს, თუმცა, როგორც მედიკოსები ამბობენ, საველე ჰოსპიტალი 200-მდე ადამიანის მიღებას შეძლებს.

მძიმე მდგომარეობაა ბავშვთა საავადმყოფოებშიც. ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 90 ბავშვი მკურნალობს, მათგან რეანიმაციაში  25 პაციენტია მოთავსებული. განსაკუთრებით მძიმეა 22 დღის ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

რთული ეპიდვითარების და გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებლის გამო კლინიკების ასოციაცია მთავრობას 6 რეკომენდაციით მიმართავს. ასოციაციაში თვლიან, რომ ყოველდღიურად ლეტალობის ასეთი მაჩვენებელი პატარა ქვეყნისთვის კატასტროფაა, ამიტომ მოუწოდებენ ხელისუფლებას დაიწყოს 12-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვთა ვაქცინაცია. გამკაცრდეს რეგულაციებზე კონტროლი და პროცესში სამხედრო მოსამსახურეებიც ჩაერთონ. კლინიკების ასოციაცია ასევე მოითხოვს გამკაცრდეს კოვიდრეგულაციები აეროპორტებსა და სახმელეთო საზღვრებზე და მოხდეს კლინიკური მართვის პროტოკოლის განახლება.

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე არ არის გამორიცხული ქვეყანაში კოვიდრეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრდეს. ამ საკითხზე საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს.