განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ზურაბ ზვიადაურს თავდებში სრულიად ოლიმპიური გუნდი უდგება – განცხადება ოლიმპიელების სახელით სპეციალურ ბრიფინგზე ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა გააკეთა. სპორტსმენი ამბობს, რომ წინანდლის ტყეში მომხდარი დაპირისპირებისას, ზურაბ ზვიადაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იყო და დაჭრილი ძმის დახმარებას ცდილობდა.
ბრალდებას არ ეთანხმებიან ოლიმპიური ჩემპიონის ადვოკატებიც, იურისტები სააპელაციო სასამართლოში ზვიადაურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ. იურისტების განმარტებით, გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებები არასაკმარისია და აუცილებელია საქმის გადაკვალიფიცირება.
ოლიმპიურ ჩემპიონს და პარლამენტის ყოფილ წევრს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალდება 18 აგვისტოს წარუდგინეს. ზურაბ ზვიადაურს საგამოძიებო უწყება იმ პირის მკვლელობას ედავება, რომელმაც მანამდე მის ძმას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. როგორც ცნობილია თელავში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებას 3 ადამიანი ემსხვერპლა. სამართალდამცავი უწყების ვერსიით, 16 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, რამდენიმე პირს შორის დაწყებული შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში და ორმხრივ სროლაში გადაიზარდა. ზვიადაურს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამხმაურებული საქმის პროცესი 8 ოქტომბერს განახლდება.