ტექნიკური უნივერსიტეტის შემდეგ თბილისში მასობრივი ვაქცინაციის კიდევ ერთი ცენტრი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გაიხსნა. ადგილზე რესპულიკური საავადმყოფოს 6 ამცრელი ბრიგადა მუშაობს და წინასწარი რეგისტრაციის გარეშე დღეში 1000-ზე მეტი მოქალაქის აცრაა შესაძლებელი. მოქალაქეებს დილის ათიდან საღამოს 6 საათამდე, Pfizer-ით, Sinovac-ით და Sinopharm-ით შეუძლიათ აცრა. მასობრივი იმუნიზაციის ახალი ცენტრი ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დაათვალიერა. მისი თქმით მიუხედავად იმისა, რომ ცენტრი სულ რამდენიმე საათის გახსნილია, მოსახლეობის მიმართვიანობა საკმაოდ მაღალია.
დღესვე მასობრივი იმუნიზაციის ახალ ამცრელ პუნქტში უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე Pfizer-ის ვაქცინით აიცრა. პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ვაქცინაციის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა.