დროშის დაზიანებასთან დაკავშირებით, სანქციების შემოღების განხილვა პარლამენტში დასრულდა. საქმე ეხება როგორც ევროკავშირის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იმ ქვეყნების დროშის დაზიანებას, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს. ოპოზიციის თქმით, კანონპროექტში არსებული ფორმულირებები და გარკვეული სამართლებრივი საკითხები დახვეწას საჭიროებს, რათა ის გამოხატვის თავისუფლებასთან წინააღმდეგობაში არ მოვიდეს.
არასაპარლამენტო ოპოზიციიდან “თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, კახა კუკავა პარლამენტს ალტერნატიული წინადადებით მიმართავს და აცხადებს, რომ გამოხატვის თავისუფლებისთვის ერთიანი სტანდარტი უნდა იყოს დადგენილი. კუკავა დღეს საკითხის საკომიტეტო განხილვასაც ესწრებოდა.
მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება გამოხატვის თავისუფლებას არანაირად არ ეხება. უმრავლესობის თქმით საუბარია სახელმწიფო სიმბოლიკების ხელყოფაზე, რომელიც ხელშეუხებელი უნდა იყოს.
რეგულაციების შემოღების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა რაც ძალადობრივმა ჯგუფებმა – 5-6 ივლისის მოვლენების დროს პარლამენტის შენობიდან ევროკავშრისი დროშა რამდენჯერმე ჩამოხიეს და დაწვეს. სანქცია ფიზიკური პირის 1000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. რეციდივის შემთხვევაში კი ჯარიმის თანხა გაორმაგდება ან 15 დღემდე პატიმრობით დაისჯება.