უკიდურესად გართულებული ეპიდვითარების ფონზე მთავრობა შეზღუდვების პირველ ეტაპს იწყებს | 09.08.2021

უკიდურესად გართულებული ეპიდვითარების ფონზე მთავრობა შეზღუდვების პირველ ეტაპს იწყებს. ხვალიდან ღია სივრცეებში, იქ სადაც 5 ადამიანზე მეტი შეიკრიბება, პირბადის გამოყენება სავალდებულო გახდება. საკორდინაციო საბჭომ დღესვე გადაწყვიტა, რომ გამკაცრდება კონტროლი მასშტაბურ ღონისძიებებზე, მათ შორის ქელეხებზე და ქორწილებზე. ყველა ის ობიექტი კი, რომელიც მსგავს ღონისძიებას უმასპინძლებს 10 000 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით ფაქტზე კი დაილუქება.

იმუშავებს თუ არა შეზღუდვების მორიგი ტალღა მაშინ, როცა ჯარიმების დიდი ნაწილი მთავრობამ მოქალაქეებს უკვე ჩამოაწერა. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი იმედს იტოვებს, რომ მოსახლეობა რეკომენდაციებს დაიცავს, რაც ჯანდაცვის სფეროს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში დროგამოშვებით ვაქცინაციის მარათონი გაიმართება, რომლის ფარგლებში დღეში 60 000-მდე ადამიანი აიცრება.

ეპიდემიოლოგები მოსახლეობას მასობრივ შეკრებებში მონაწილეობისგან თავის შეკავებას ურჩევენ, თუმცა ქვეყნის პრემიერი რეგულაციების დარღვევით სუფრასთან მაინც ქეიფობს და ამაში პრობლემას ვერ ხედავს. ამირან გამყრელიძემ და თამარ გაბუნიამ დღეს არ უპასუხეს კითხვას  – იყო თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის ეს საქციელი უპასუხისმგებლო ქმედება.

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია  ბოლო თვეების ანტირეკორდს ხსნის. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით სულ 44 პირი გარდაიცვალა 2236 კი დაინფიცირდა. თამარ გაბუნია ამბობს, რომ ჯანდაცვის უწყებამ დამატებითი საწოლების მობილიზება უკვე დაიწყო.