პირველი, რაც რუსეთმა უნდა გააკეთოს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან – კელი დეგნანი | 06.08.2021

“პირველი, რაც რუსეთმა უნდა გააკეთოს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან” – ეს განცხადება საქართველოში, ამერიკის ელჩს ეკუთვნის. კელი დეგნანი ამ  კომენტარით, ოფიციალური მოსკოვის იმ განცხადებას ეხმიანება, რომლითაც, რუსეთმა  მზადაყოფნა გამოთქვა, ქართულ მხარესთან ურთიერთობები აღადგინოს.  კელი დეგნანის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვს საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა სურს, ოკუპანტმა ქვეყანამ უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორიები. თანამშრომლობისთვის კი ჟენევის ფორმატის გამოყენება შესთავაზა. აშშ-ის ელჩის თქმით, პროგრესი იმ შემთხვევაში იქნება მიღწეული თუ რუსეთი სწორედ ამ ფორმატში ჩაერთვება.

“ქართველებს ამგვარი გზავნილი რუსეთისგან აქამდეც მოუსმენიათ. პირველი, რაც რუსეთმა უნდა გააკეთოს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. სწორედ ეს იქნება ნამდვილი ნიშანი, რომ რუსეთი სერიოზულად საუბრობს და ის უბრალოდ დეზინფორმაციას არ ავრცელებს. ქართველებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ რუსეთმა უკან დაიხიოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და უკან წაიღოს ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, ასევე დაუყოვნებლივ გახსნას წვდომა ჰუმანიტარულ დერეფნებზე. არსებობს დიალოგის მექანიზმი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების სახით და თუ რუსეთი მას გამოიყენებს უფრო ეფექტურად და კეთილსინდისიერად, შესაძლებელია მეტი პროგრესიც დავინახოთ ამ კონფლიქტის გადაჭრის საქმეში. სწორედ ეს ნაბიჯებია რუსეთიდან მიღებული გზავნილების ირგვლივ ნებისმიერი საუბრების საწინდარი, კეთილ ნებასა თუ კეთილსინდისირებაზე” – განაცხადა კელი დეგნანმა.