“წამზომი ჩაირთო, მოთმინება იწურება” – ასე აფასებენ საერთაშორისო ექსპერტები შარლ მიშელის დოკუმენტის გაუქმების შემდეგ საქართველოში შექმნილ მდგომარეობას. “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში “დემოკრატიების დაცვის ალიანსის” დირექტორი, ლორა თორნტონი ამბობს, რომ ევროპისთვის კარის მიხურვა ორ მხარეს შორის არსებულ ურთიერთობაზე ადრე თუ გვიან აისახება.
მიშელის დოკუმენტის ანულირების შემდეგ “ქართული ოცნების” მისამართით გამოთქმულ კრიტიკას იზიარებს ესტონეთის ყოფილი პირველი პირი. ტომას ილვესი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა იქცევა ისე, რომ ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანება შეფერხდეს. ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ფიქრობს, რომ თუ ხელისუფლებას დამოუკიდებელი სასამართლოსი ეშინია, მაშინ მისი ადგილი ევროგაერთიანებაში არ არის.