“რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება სწორედ ვაქცინაციაზეა დამოკიდებული” | 30.07.2021

ხვალ საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინის 168 000 დოზა შემოვა. პარალელურად ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინაციის პროცესს აფართოვებს. შესაძლოა “ფაიზერით” ვაქცინაცია არამხოლოდ ჰოსპიტალურ დაწესებულებებში, არამედ პოლიკლინიკებშიც ცატარდეს. უწყებაში ამბობენ, რომ 7 -მა დაწესებულებამ ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვაზე მზაობა უკვე გამოთქვა.  ვაქცინაციის უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა მოსახლეობას იმუნიზაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და თქვა, რომ ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება სწორედ ვაქცინაციაზეა დამოკიდებული.

მოქალაქეებს, რომელთაც კონკრეტული ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ გვერდითი რეაქცია გამოუვლინდათ, ვაქცინის შეცვლა შეეძლებათ. ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ მოქალაქეებს ვაქცინის ჩანაცვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ პირველ დოზაზე პაციენტს მწვავე სისტემური ალერგიული რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი დაუფიქსირდება.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევ მძიმეა. ბოლო 24 საათში COVID-19 2712 ადამიანს დაუდასტურდა. ვირსს კიდევ 25 ადამიანი ემსხვერპლა, რითიც გარდაცვლილთა რაოდენობა 5 793-მდე გაიზარდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ 26 ივლისიდან ქვეყანაში მეოთხე ტალღის პიკი დაიწყო და ის შესაძლოა 2 კვირა გაგრძელდეს.

პედიატრიულ კლინიკებში კი მძიმე შემთხვევების ნაკადი ბოლო დღეების განმავლობაში შედარებით შემცირდა. როგორც მედიკოსები ამბოენ, ქვეყანაში პედიატრიული პაციენტების ჰოსპიტალიზაციის პრობლემა აღარ არის.