კოვიდმაჩვენებლის საგანგაშო ზრდა და ვაქცინირებულთა მიზერული რაოდენობა | 28.07.2021

კორონავირუსის 3141 ახალი შემთხვევა და 20 გარდაცვლილი – ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევ მძიმეა. ჯანდაცვის სამინისტროში მოვლენათა განვითარების ორ სცენარზე საუბრობენ. პირველი სცენარის მიხედვით ქვეყანა უკვე პიკის პერიოდში იმყოფება, მეორე სცენარით კი კოვიდმაჩვენებლის საგანგაშო ზრდა სწორედ ახლა იწყება. ჯანდცვის უწყება კოვიდსასტუმროების მობილიზებას იწყებს და არ გამორიცხავს რომ საველე ჰოსპიტლების მოწყობა და მოხალისე ჯგუფების შექმნა გახდეს საჭირო.

COVID-19-ით ინფიცირებულთა რეკორდული ზრდის ფონზე ვაქცინირებულთა დღიური რაოდენობა იმაზე ორჯერ ნაკლებია, ვიდრე სამიზნე მაჩვენებელია. მიუხედავად ამისა ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ იმუნიზაცია მთავარი პრობლემა არ არის, ვინაიდან ინფიცირების შემთხვევები ვაქცინირებულ პირებშიც ხშირია.

საქართველოს მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი. კელი დეგნანმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ამერიკა კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს. ელჩმა ეს განცხადება თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გააკეთა, სადაც ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.

ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება, რომელიც მთავრობას მოუწოდებს სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირებისთვის COVID-19-ზე აცრა სავალდებულო გახადოს. გაერთიანება, რომელიც 70-მდე ორგანიზაციას აერთიანებს ასევე თვლის, რომ უნდა შეიქმნას  წახალისების მექანიზმიც, რათა მოსახლეობამ და პირველ რიგში მედიკოსებმა ვაქცინაცია ჩაიტარონ.

შექმნილი ეპიდვითარებიდან ერთადერთ გამოსავლად ეპიდემიოლოგები ვაქცნაციას და არსებული რეგულაციების დაცვას ასახელებენ. გართულდება თუ არა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში – ეს მიმდინარე კვირაში გაირკვევა. ამ ტაპზე ინფიცირების აქტიური შემთხვევა 27 456-ია. აქედან 5256 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის 1018 მძიმე პაციენტია.