“ნაციონალური მოძრაობის” წევრს, გიორგი კაპანაძეს, ინტერვიუს დროს აივნიდან წყალი გადმოასხეს. “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს ინციდენტის შემდეგ გადაღების შეწყვეტა და ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოძახება მოუხდა, თუმცა ინციდენტში მონაწილე პირი ადგილზე აღარ გამოჩენილა. სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ადგილობრივ მაცხოვრებელთანაც, რომელმაც ჟურნალისტს უხამსი სიტყვებით მიმართა და ადგილის დატოვება მოსთხოვა.
პირი, რომელმაც ოპოზიციის ერთ-ერთ წევრს წყალი გადმოასხა არ ყოფილა დღეს ერთადერთი, რომელიც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს დაუპირისპირდა. თეა წულუკიანის ქმარმა, ნუგზარ კაკულიამ Facebook-ზე ნიკა მელიას ვიდეო გააზიარა და თან უხამსი შინარსის წარწერა დაურთო. ოპოზიცია, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი თავდასხმის ობიექტი გახდა, დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი “ქართული ოცნების” აგრესიულმა კამპანიამ გამოიწვია.
ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციისა და მედიის წინააღმდეგ არაერთი აგრესიული კამპანია წამოიწყეს. ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია კითხვა – რატომ დააჯარიმა თბილისის მერიამ ამ პლაკატების გაკვრისთვის მხოლოდ 2 ადამიანი, მაშინ, როცა მის გაკვრაში ათეულობით პირი იყო ჩართული. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე თბილისში გამოკრულ პოსტერებზე პასუხისმგებლობას არ იღებს და ამბობს, რომ რაც მასზე ეწერა – სიმართლეა.
ძალადობის ფაქტებმა ქვეყანაში მას შემდეგ იმატა, რაც 5 ივლისს რადიკალურმა ჯგუფებმა ჟურნალისტები დაარბიეს და სცემეს. საზოგადოების ნაწილის პროტესტის მიუხედავად, საგამოძიებო უწყებას ამ დრომდე ძალადობრივი აქციის არცერთი ორგანიზატორები არ დაუსჯია.