ბათუმში სტიქიას ებრძვიან. უხვი ნალექის გამო რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. განსაკუთრებული პრობლემა შეექმნათ ე.წ. ჭაობის და ხოფის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს. დაიტბორა საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და კომერციული ფართები. ასევე, უხვი ნალექის გამო, მოსახლეობას პრობლემა შეექმნა ქუჩაში გადაადგილებაზეც.
სხვადასხვა კერძო საკუთრებასთან ერთად, ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოც. თუმცა, ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ დატბორვას კლინიკის მუშაობაში ხელი არ შეუშლია.
წყალდიდობამ პრობლემები შექმნა ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტშიც. დაიტბორა ეზოები, ქუჩები და სავარგულები. სპეციალური ტექნიკა მუშაობას დილიდანვე შეუდგა. იწმინდება სანიაღვრე არხები, თუმცა მოსახლეობა სტიქიასთან ბრძოლას საკუთარი ძალებითაც ცდილობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ პრობლემა თითქმის ათი წელია არსებობს, თუმცა არხის გაკეთება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
სტიქიის შედეგად რამდენიმე სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი ლენტეხის მუნიციპალიტეტში. დაზიანებულია გზები და ხიდები. მერის ინფორმაციით, წაღებულია ლენტეხი-ლასტილის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის ჩოლურის მონაკვეთი 100 გრძივი მეტრი, რის გამოც მთლიანად პარალიზებულია მოძრაობა.