სარჩელი თეა წულუკიანის წინააღმდეგ – გაბედავს თუ არა შოთაძე წულუკიანის წინააღმდეგ საქმის აღძვრას | 23.07.2021

გაბედავს თუ არა ირაკლი შოთაძე “ქართული ოცნების” რჩეული მინისტრის, თეა წულუკიანის წინააღმდეგ საქმის აღძვრას.  სარჩელი უკვე მთავარ საგამოძიებო უწყებაშია.

მედიამენეჯერებმა პირველი ვიცე-პრემიერის  მიერ “მთავარი არხის” მიკროფონის მითვისების გამო – გამოძიების დაწყების მოთხოვნით გენერალურ პროკურორს მიმართეს.  “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა საგანგებო მიმართვა ოთხი კრიტიკული მედიის მიკროფონით და ჟურნალისტებთან ერთად გააკეთა.  ნიკა გვარამია  ამბობს, რომ დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ხელისუფლებამ ღია ომი გამოაცხადა. პირველმა ვიცე-პრემიერმა ერთდროულად ორი დანაშაული ჩაიდინა – ძარცვა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა.

მას შემდეგ რაც, სენაკის თეატრში კულტურის მინისტრმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა, ემა გოგოხიამ პოლიცია გამოიძახა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ვიცე-პრემიერთან მიახლოება ვერ გაბედეს.  წულუკიანმაც პოზიცია არ დათმო, პოლიცია ვიღაცეებად მოიხსენია და თქვა, რომ მიკროფონის დაბრუნებას არ აპირებს.

შინაგან საქმეთა მინისტრი ამტკიცებს,რომ კულტურის მინისტრის  ქმედების შესახებ,დღის ბოლოს, “რუსთავი 2”-ის ეთერში სტუმრობამდე რამდენიმე წუთით ადრე შეატყობინეს. თქვა, რომ გაერკვევა, თუმცა როგორც ჩანს გასარკვევად დიდი დრო დასჭირდება.

სანამ გომელაური კულტურის მინისტრის უკულტურო ქმედებას გაეცობა, ცნობილია ქვეყნის პირველი პირის პოზიცია. თეა წულუკიანის  მიერ “მთავარი არხის” მიკროფონის გატაცებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს ირაკლი ღარიბაშვილი. ძალადობის წამხალისებელი პრემიერი დღეს ისევ მედიას უპირისპირდება და ამბობს, რომ ტელევიზიები პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად გადაიქცნენ.

თეა წულუკიანის ქმედების  შეფასებისგან  “ქართული ოცნება” თავს იკავებს. უმრავლესობის ლიდერები მედიის კითხვებს  ტრადიციული დუმილით პასუხობენ, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც “ქართული ოცნების” ყველაზე ხანდაზმულ მინისტრს, ძალადობრივ ქცევას უწონებს.

“ეს უფრო სამედიცინო შეფასებაა” – ასე აფასებენ ოპოზიციონერი დეპუტატები კულტურის მინისტრის ქცევას. ოპოზიციაში თეა წულუკიანის  მხრიდან ღია დანაშაულის ჩადენაზე საუბრობენ, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ წულუკიანს “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში  არავინ დასჯის.

კულტურის მინისტრის და პირველი ვიცე-პრემიერის წინააღმდეგ  გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობენ  მედია ორგანიზაციები.  მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ თეა წულუკიანმა თავისი ქმედებით, კრიტიკული მედიის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება გამოააშკარავა  და ის ფიზიკური მოძალადეებისგან არაფრით განსხვავდება.

თეა წულუკიანი რომ ღია დანაშაულის ჩადენას არ ერიდება და მედიასაც დაუფარავად უპირისპირდება, ეს ადრეც დაადუსტურა. მაშინ როცა იუსტიციის მინისტრის თანამდებობა დატოვა და “ქართულ ოცნებას” დეპუტატის  სტატუსით  წარმოადგენდა.  მეათე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნაზე  განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, ტელეკომპანია “მთავარის” დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა.  თუმცა, არც ამ ფაქტის გამო მისთვის პასუხი ამ დრომდე არავის მოუთხოვია.

თეა წულუკიანი ვერც კულტურის მინისტრობამ შეცვალა. იუსრისტები კი საგამოძიებო უწყებას ახსენებენ, რომ თანამდებობა პრივილეგია არ არის. ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია. უფრო მეტიც, იმ შემთხვევაში  თუ წულუკიანი “მთავარი არხის” მიკროფონის დაბრუნებას არ აპირებს, გამოძიების დაწყება საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშულისთვისაც შესაძლებელია.