არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ ქალი დეპუტატების მიმართ გამოვლენილი შეურაცხმყოფელი და ძალადობრივი ქმედებები დაგმოს. დეპუტატებმა და უფლებადამცველებმა დღეს პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს და კახა კუჭავას მოუწოდეს დროული რეაგირება მოახდინოს იმ პირების მიმართ, რომლებმაც 18 ივლისს სასესიო დარბაზში ქალ დეპუტატებზე იძალადეს. არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკოსების შეფასებით შალვა პაპუაშილმა და ირაკლი ზარქუამ საჯაროდ და დემონსტრაციულად წაახალისეს ქალის მიმართ ძალადობრივი მოპყრობა, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრების თინა ბოკუჩავას და ნონა მამულაშვილის მიმართ ფიზიკური ძალა გამოიყენეს.
არასამათვრობო სექტორის წარმომადგენლებს დღეს სურდათ, რომ 30 ორგანიზაციის და პარტიის მიერ ხელმოწერილი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარისთვის ტავად გაეცნოთ, თუმცა საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებულმა სამართალდამცველებმა ისინი შენობაში არ შეუშვეს. ამიტომ, განცხადება პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თამარ კორძაიამ და ანა ნაცვლიშვილმა დაარეგისტრირეს.
არასამთავრობო ორგანიზაციების პარლამენტში არ შეშვების ფაქტი დღეს სპიკერმა უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებით ახსნა. ბიუროს სხდომაზე კახა კუჭავამ განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოში საგანგებო რეჟიმი მოქმედებს, რათა პარლამენტის მუშაობას საფრთხე არ შეექმნას, თუმცა, რა საფრთხეს წარმოადგენენ არასამთავრობოები პარლამენტისთვის ეს პარლამენტის თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია.
არასამთავრობო ორგანიზაციებტან საუბარი არ ისურვეს, თუმცა მმართველი გუნდის წევრებს ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების შეკითხვების და კრიტიკის მოსმენა მაინც მოუწიათ. 18 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე განვითარებული მოვლენები კანონმდებლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა. ბიუროს სხდომაზე ხატია დეკანოიძემ უმრავლესობის წევრები ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულა და პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა მომხდარზე შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. ოპოზიციამ განმარტებები მოითხოვა თავად შალვა პაპუაშვილისგანაც, რომელმაც სპიკერატისკენ მიმავალი თინა ბოკუჩავა ხელში აიყვანა და ტერიტორიას გაარიდა.
18 ივლისის რიგგარეშე სესიაზე უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის დაპირისპრება მაშინ მოხდა, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი, 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლას აპირებდა. ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ დაფიქსირებულ პროტესტს დარბაზში შეხლა-შემოხლა მოჰყვა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარესთან მისვლა სცადა, თუმცა “ქართული ოცნების” დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ის ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. ეს ფაქტი კი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და უფლებადამცველებმა ქალზე ძალადობად შეაფასეს.