მთაწმინდის პარკში, სადაც, დღეს თბილისის მერობის კანდიდატად კახი კალაძე წარადგინეს, ჟურნალისტებს რკინის ჯებირები აღუმართეს. ღონისძიების ეპიცენტრიდან მოშორებით განლაგებულ მედიას, კალაძის წარდგენის ღონისძიების ყურება მხოლოდ ეკრანებიდან შეეძლო, თუმცა, სამართალდამცავების უპრეცედენტო რაოდენობისა და რკინის ჯებირების მიუხედავად, ჟურნალისტებმა კრიტიკული კითხვების დასმა მაინც შეძლეს.
უნდა დაისაჯონ თუ არა 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები, უნდა გადადგეს თუ არა პრემიერი ღარიბაშვილი და იაზრებენ თუ არა პასუხიმგებლობას 53 ჟურნალისტის ცემისა და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო – ეს კითხვები მედიამ მთაწმინისდის პარკში მისულ “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს დაუსვა.
ჟურნალისტების კითხვებზე “ქართული ოცნების” ლიდერებმა გაღიზიანება ვერც დღეს დამალეს და მედია “ტვ პირველის” ოპერატორის გარდაცვალებით სპეკულირებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს. ირონიული შეფასებების ლიდერი დღეს “ოცნების” დეპუტატი, გია ვოლსკი იყო, რომელმაც ფორმულას ჟურნალისტს ლექსო ლაშქარავას ფოტო გამოსტაცა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ ისინი ლაშქარავას ცხედართან უზნეოდ ცეკვავენ.
მთაწმინდის პარკისკში გამართულ, “ქართული ოცნების” ღონისძიებას, მედია დღეს აქციით დახვდა. “აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა” ; “როდის გადადგებით ბატონო ირაკლი”; “დაისაჯონ დამნაშავეები”- აქციის მონაწილეებმა ამ წარწერით ბანერები გაშალეს და 5 ივლისს მომხდარი ძალადობის გამო, დამნაშავეების დასჯას მოითხოვეს.
“ქართულმა ოცნებამ” დღეს წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი – მოქმედი მერი კახი კალაძე იქნება. მან მისი გამოსვლა სწორედ მედიაზე საუბრით დაიწყო და თქვა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობდა, აზიანებდა ქვეყნის განვითარებასა.
მთაწმინდის პარკში გამართულ ღონისძიებაზე, დღეს “ქართული ოცნების” მხარდამჭერენი, მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მსახიობები, მომღერლები და ექიმები შეიკრიბნენ. სტუმრებისთვის განკუთვნულ სივრცეში, “ქართულმა ოცნებამ” სიმბოლურად ერთი სკამი დადგა, რომელზეც კახი კავსაძის სახელი და გვარი ეწერა.