საქართველოს მთავრობა ღიად არღვევს შეთანხმებებს – რატომ ჩაიშალა ღარიბაშვილის ვიზიტი აშშ-ში | 19.07.2021

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მას 2012 წლამდე აშშ-ისა და ევროპის მხრიდან სასამართლო სისტემის კრიტიკა არ სმენია.  კინზინგერი ამბობს, რომ ეს სიცრუეა.

“ეს სრული სიყალბეა. ჩვენ ხშირად ვიყავით კრიტიკულები. ახლა, როგორც ჩანს, პროგრესი ნელდება და საქართველოს მთავრობა ღიად არღვევს შეთანხმებებს”, – ნათქვამია კინზინგერის ტვიტში.

კონგრესმენმა სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის ჩაშლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზეც დაწერა. ის ამბობს, რომ ამ კვირაში შეხვედრა შეუძლებელი იქნებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადაიდო. ამ თემაზე განმარტებების გაკეთება  დღეს მთავრობის ადმინისტრაციაშიც  მოუხდათ, სადაც თქვეს, რომ ღარიბაშვილის ვიზიტი აშშ-ში დაგეგმილი არ ყოფილა და სრული სპეკულაციაა იმის მტკიცება, თითქოს პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი ჩაიშალა.