ეპიდვითარება ქვეყანაში და კელი დეგნანის შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან | 19.07.2021

კოვიდინფიცირებული ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა. შემთხვევა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოხდა. ექიმების ინფორმაციით, ქალი მათთან 15 ივნისს კორონავირუსის მძიმე ფორმით შეიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება ახალშობილს, ის ახლა რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.  კვლავ რთული მდგომარეობაა ციციშვილის კლინიკაში. სამედიცინო დაწესებულებაში 69  ბავშვი მკურნალობს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 848 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 15 ადამიანი. ინფექციისგან განიკურნა 1231. ახალი შემთხვევების უმრავლესობა, 487, თბილისში დაფიქსირდა.

გრძელდება ვაქცინაციის პროცესი. შეერთებული შტატების  მხრიდან ვაქცინაციის დონაციის საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინიტრი  აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. განიხილეს ლოჯისტიკასთან დაკავშირებული თემები, ასევე ვაქცინაციის პროცესში არსებული საჭიროებები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.  შეხვედრის დასრულების შემდეგ დიპლომატმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, როგორც ადამიანთა ჯანმრთელობის დასაცავად, ასევე ქვეყნების ეკონომიკის გახსნისთვის.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, დღეიდან ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ PCR ტესტის შემდეგ იქნება ნებადართული, ბანაკის ტიპის შეკრებები კი იკრძალება.