კოვიდვითარება მძიმეა – ქვეყანა ყველაზე მძიმე, მეოთხე ტალღის მოლოდინში | 13.07.2021

კორონავირუსის დელტა შტამის 72 შემთხვევა და შევსებული პედიატრიული საწოლები –  ქვეყანაში COVID-19-ის  მაჩვენებელი ისევ იზრდება. ჯანდაცვის სამინისრტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არ გამორიცხავს, რომ ყველაზე მძიმე მეოთხე ტალღა დაიწყოს. ქვეყნის მტავარი ეპიდემიოლოგი რთულ ვითარებაზე საუბრობს და მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით ბოლო პერიოდში საგრძნობლად იმატებს ბავშვთა ინფიცირების შემთხვევები. თამარ გაბუნიას თქმით, თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც ეპიდემიის მეორე-მესამე ტალღის დროს, პრაქტიკულად დაუტვირთავი იყო, უკვე გადატვირთულია.

ამ დროისთვის “ციციშვილის ბავშვთა საავადმყოფოში” 65 ბავშვი მკურნალობს. კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, მათ შორის, 2 თვემდე ასაკის იმ სამი ბავშვისაც, რომლებიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდნენ. კლინიკაში ადასტურებენ, რომ ბოლო პერიოდში კორონავირუსის სიმპტომებით მომართვიანობა გაიზარდა.

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა ინიციატივა დააყენა, რომ კონფერენციებზე და სხვადასხვა შეკრებებზე დაშვებული იქნან მხოლოდ ორჯერ აცრილი პირები, ან ბოლო 72 საათში გატესტილი ადამიანები.  ჯანდაცვის სამინისტროშიც და დაავადებათა კონტროლის ცენტრშიც აცხადებენ, რომ ვაქცინაციის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს, რაც ინფექციის გავრცელების რისკებს ზრდის. მათი თქმით, დაბალია სამედიცინო მუშაკების აქტიურობაც. ამ დროისთვის, 45 000-იანი სამიზნე ჯგუფიდან, მხოლოდ 11 000 მედიცინის მუშაკია აცრილი. მინისტრის მოადგიელის ინფორმაციით უახლოეს დღეებში მოსახლეობას “სინოფარმის” და “სინოვაკის” ვაქცინებთან ერთად “ფაიზერით” აცრის შესაძლებლობაც ექნებათ.

ბოლო 24 საათში ჩატარებული 35 117 ტესტიდან კორონავირუსი 1 862 ადამიანს გამოუვლინდა. ინფიცირების საერთო მაჩვენებელმა კი 379 673-ს მიაღწია. ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ს კიდევ 11 ადამიანი ემსხვერპლა, რითიც გარდაცვლილთა რაოდენობა 5479-მდე გაიზარდა.  ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 862 შემთხვევიდან ყველაზე მეტი 1 136 თბილისში გამოვლინდა, მეორე ადგილზე 164 შემთხვევით იმერეთია. მესამეზე კი ქვემო ქართლი, სადაც ბოლო ერთ დღეში 104 ინფიცირებული დაფიქსირდა. ქვეყანაში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5%-ს გადასცდა.