ციციშვილის სახელობის კლინიკაში მყოფი 3 ახალშობილის მდგომარეობა ისევ მძიმეა. სამივე პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ერთ ჩვილს პირველადი სპეციფიკური PCR კვლევით ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა, მეორეს ე.წ. ბრიტანული. რაც შეეხება მესამე ბავშვს, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და კვლევა გრძელდება. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, ახალშობილი, რომელსაც ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოიყვანეს და მისი მდგომარეობა განსაკუთებით მძიმეა. მაია ჩხაიძის განცხადებით, არც ერთ მათგანს ქრონიკული დაავადება ან რაიმე პათოლოგია, არ აქვს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, „დელტა“ შტამი კლინიკურად უფრო მძიმედ მიმდინარეობს. როგორც მან ვებინარზე განაცხადა, ბავშვებში გადადების მთავარი წყარო არის მშობლები, ამიტომ მისი რეკომენდაციაა, რომ მშობლები ორჯერადად აიცრან.
კორონავირუსის შემთხვევები კი ისევ მზარდია. ბოლო 24 საათში საეჭვო სიმპტომების გამო 24 000-მდე ადამიანი გაიტესტა, რომელთაგან კოვიდ დადებითი 1108 აღმოჩნდა. გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5%-მდეა. შემტხვევების ნახევარზე მეტი ისევ დედაქალაქშია. ბოლო მონაცემებით კი მეორე ადგილზე კახეთი, ხოლო მესამეზე იმერეთია. COVID-19-ს ამ ეტაპზე ქვაყანაში 11 000-ზე მეტი პაციენტი ებრძვის, რომელთაგან 700-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიემა. რაც შეეხება აცრილთა სტატისტიკას, გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის წინააღმდეგ 5598 ადამიანი აიცრა, ჯამურად ჩატარებულია 289 399 აცრა, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 113 895 ადამიანი.