დედაქალაქის მთავარ გამზირზე ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენების გამო ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვს. ხელისუფლების ოპონენტები ირაკლი ღარიბაშვილს ძალადობრივი ჯგუფების წაქეზებაში, ვახტანგ გომელაურს კი უმოქმედობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით 5 ივლისს პოლიციამ რეაგირების გარეშე დატოვა ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები, რის შედეგადაც მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. გუშინ კი რადიკალური ჯგუფების ძალადობრივი ქმედებების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არც სპეცრაზმი და არც წყლის ჭავლი გამოიყენა. ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს კონტრაქციის მონაწილეების მხირდან პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ პოლიციამ გუშინ რთულ ამოცანას თავი გაართვა და მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყო. რაც შეეხება კითხბას თუ რატომ არ დაიცვა პოლიციამ ჟურნალისტები 5 ივლისს – “ქართული ოცნების” წევრები მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს. მმართველი პარტია სამარცხვინოს უწოდებს მოძალადე ჯგუფების ქმედებებს, მათ შორის ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას.