ჩვენ არ შეგვიძლია რისკის ქვეშ დავაყენოთ ადამიანების სიცოცხლე! – თბილისი პრაიდის განცხადება | 05.07.2021

“თბილისი პრაიდის” გადაწყვეტილებით, ღირსების მარში დღეს არ შედგება – განცხადება Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა. პრაიდის ორგანიზატორები წერენ, ხელისუფლებას არ სურს აღასრულოს მისი პირდაპირი მოვალეობა. თბილისი პრაიდი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას სამარცხვინოს, ძალადობრივს, ანტისახელმწიფოებრივსა და ანტიდასავლურს უწოდებს.  ორგანიზაცია წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მიიღო არავითარი ქმედითი ზომა ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დასაცავად.

“თბილისი პრაიდის” წევრებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დიპლომატიურ კორპუსს არაერთი შეხვედრა ჰქონდა შსს-ს წარმომადგენლებთან, ისინი იცნობდნენ ჩვენს სამოქმედო სტრატეგიას, მათთვის შეთავაზებული იყო კონკრეტული გეგმები, რომელთა მიხედვითაც, უნდა მომხდარიყო მარშის უსაფრთხოების დაცვა, თუმცა, ნაცვლად ქმედითი ზომებისა, ჩვენ დილიდან ვუყურებთ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ძალადობრივი ჯგუფების წახალისებას.სწორედ ასეთ უმოქმედობასა და სიძულვილის ჯგუფების პოლიტიკური ძალაუფლების იარაღად გამოყენებას მოჰყვა ის, რომ დარბეულია “თბილისი პრაიდისა” და მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისები, პოლიციის თვალწინ ძალადობენ ჟურნალისტებზე, ეს უფრო მეტია, ვიდრე პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა, ეს არის გამოცხადებული ნადირობა მედიაზე, აქტივისტებზე, ყველა იმ ადამიანზე, რომელსაც თანასწორობის იდეის სწამს. ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ შსს ადეკვატურად შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, რადგან ვხედავთ, რომ ისინი არ რეაგირებენ მათ თვალწინ მომხდარ ძალადობის ფაქტებზე, სიძულვილის უზარმაზარი ტალღა კი, რომელსაც ახლა ვუყურებთ, სწორედ ხელისუფლებისა და საპატრიარქოს მიერაა შთაგონებული და მხარდაჭერილი. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მხარდამჭერებსა და საქართველოს მოქალაქეებს, მკაფიოდ გაემიჯნონ სიძულვილის რადიკალურ ჯგუფებს და სახელმწიფოს სრულიად არასახელმწიფოებრივ უმოქმედობის პოლიტიკას. ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიდეთ ხელისუფლების, საპატრიარქოსა და პრორუსული ძალების მიერ მხარდაჭერილი მოძალადეებით სავსე ქუჩაში და რისკის ქვეშ დავაყენოთ ადამიანების სიცოცხლე!” – ნათქვამია განცხადებაში.