ვინ შეცვლის თამარ ჟვანიას და იქნება თუ არა ის ყველასთვის მისარები | 01.07.2021

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტი დღეიდან ვაკანტურია – თანამდებობიდან გადამდგარმა თამარ ჟვანიამ კაბინეტი უკვე დაცალა, თუმცა ახლა მთავარი კითხვაა, ვინ იქნება ის ადამიანი, რომელიც  რეფერენდუმად წოდებულ თვითმართველობის არჩევნებს ჩაატარებს. წესების თანამხად, სპეციალური კომისია ჯერ კონკურსის შედეგად შესულ აპლიკანტებს  განიხილავს, შემდეგ კი საბოლოო დასტურისთვის პრეზიდენტს წარუდგენს. სწორედ სალომე ზურაბიშვილზე იქნება დამოკიდებული იმ კანდიდატების სია, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.

კომისიის მუშაობაში, რომელიც ყველა კანდიდატს პირისპირ გაესაუბრება, არასამთავრობო  სექტორის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან. ორგანიზაციები, რომლებიც უკვე დიდი ხანია ცესკოს მუშაობას აკრიტიკებენ, ამბობენ, რომ გარდა კომპეტენციისა, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი აპლიკანტის დამოუკიდებლობის ხარისხი იქნება.

ოპიზიციისთვის ამ დრომდე ბუნდოვანია თამარ ჟვანიას გადადგომის საკითხი. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ “ქართულ ოცნებას” გაყალბებული არჩევნების შემდეგ დათმობაზე წასვლა მოუხდა, თუმცა, ეს მათთვის ვითარებას არ ცვლის. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ახლა მთავარია ცესკოს თავმჯდომარედ ისეთი ადამიანი დაინიშნოს, რომელიც “ქართული ოცნების” ზეწოლას გაუმკლავდება.

საარჩევნო კოდექსის ახალი ნორმების მიხედვით, ცესკოს თავმდჯომარის ასარჩევად 100 დეპუტატის ხმარდაჭერაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ ამ რაოდენობით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, მესამე კენჭისყრაზე მინიმალური ზღვარი 90 ხმამდე ჩამოიწევს. მეოთხე მცდელობაზე კი ცესკოს თავმჯდომარის არჩევა 76 დეპუტატსაც შეეძლება. “ქართული ოცნებაში” აღიარებენ, რომ ქვორუმი საკმაოდ მაღალია, ამიტომ ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ.

ცესკოს უკვე ყოფილმა თავმდჯომარემ, თამარ ჟვანიამ პოსტი გუშინ პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილში ჟვანიამ დაწერა, რომ მას ამ ნაბიჯით სურს არჩევნების მიმართ ნდობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ვინ გახდება მისი შემცვლელი და იქნება თუ არა ახალი თავმჯდომარე საყოველთაო თანხმობით არჩეული – პრეზიდენტი კანიდატებს პარლამენტს უახლოეს კვირებში წარუდგენს.